საინგილო, ანუ ისტორიული ჰერეთის ერთი ნაწილი უძველესი დროიდანვე ქართველური ტომებით იყო დასახლებული. ახ. წ. აღ–ით I-II საუკუნეებიდან ჰერეთი მტკიცედ იყო გაერთიანებული ქართლის (იბერიის) სახელმწიფოში. III-IV სს–ში ჰერეთი და ჰერები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ მხარეში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა IV საუკუნის პირველ ნახევარში მეფე მირიანის დროს ქრისტიანობის გავრცელებას. საისტორიო წყაროებში დაცული ცნობებიდან ირკვევა, რომ ნინოს მისიონერული მოღვაწეობის ობიექტთა შორის ერთ–ერთი ძირითადი ჰერეთის ქვეყანა ყოფილა.
ჰერეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობის გავრცელების ფაქტი თავის მხრივ დაკავშირებული იყო ქართველი ხალხის კონსოლიდაციასთან. შუა საუკუნეებში რელიგიური ნიშანი, ე.ი. ამა თუ იმ საეკლესიო ორგანიზაციისადმი დაქვემდებარება ერთ–ერთი გადამწყვეტი იყო. მისი მიხედვით განისაზღვრებოდა ინდივიდისა, თუ კოლექტივის შესაბამის ეთნიკურ ჯგუფში მონაწილეობა. ჰერეთის გაქრისტიანების საკითხის შესწავლა შესაძლებლობას გვაძლევს ვიმსჯელოთ არა მარტო მათ პოლიტიკურ–კულტურულ ორიენტაციაზე, არამედ ეთნიკურ თვითშეგნებაზეც. ქრისტიანული კულტურის დამნერგავი მთავარი ცენტრი ჰერეთისათვის იყო ქართლი. აქედან მიდიოდნენ მისონერები, აქედან წარმოებდა ქრისტიანობის პროპაგანდა და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებანი.
V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის ეპოქაში ჰერეთი ქართლის სამეფოს ერთ–ერთი საერისთაო იყო. მის სახელთან არის დაკავშირებული ჰერეთში ქალაქების, ეკლესიების, საეპისკოპოსო კათედრების (ბოდბე, ხორნაბუჯი, ბახალათი, ანუ ბახთალო, გიში და სხვა.) აგება – დაარსება, და საერთოდ მრავალი დიდი პოლიტიკურ–ადმინისტრაციული და კულტურული ღონისძიებების გატარება. ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული ცნობების მიხედვით ვახტანგ გორგასლის დროს, ჰერეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, წუქეთში (თანამედროვე კახის რაიონი) იჯდა მთავარი, რომლის სამფლობელოც წუქეთის გარდა მოიცავდა ხუნძეთს (კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა მცხოვრები თანამედროვე იმიერკავკასიელი ტომების: ხუნძების, ავარების, წახურების ტერიტორია).