მოგესალმებით ჩემს ბლოგზე სადაც განთავსებულია ინფორმაცია ჰერეთის შესახებ, იმედია თქვენთვის საინტერესო იქნება...

Monday, June 11, 2012

იულონ გაგოშიძე საინგილოს პრობლემების შესახებ

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა იულონ გაგოშიძემ ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაასრულა. იგი შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის მინისტრს აბულფაზ კარაევს, აგრეთვე, განათლების მინისტრს მისირ მარდანოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს ნაზიმ იბრაგიმოვსა და რელიგიის კომიტეტის თავმჯდომარეს. ამის გარდა, მან საინგილოში იმოგზაურა.

ვიზიტის მიზანი იყო მინისტრი კარგად გაცნობოდა ქართული დიასპორის პრობლემებს აზერბაიჯანსა და საინგილოში, რათა შემდეგ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტრომ შეძლოს იქ მცხოვრები ქართველების დახმარება. მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი და, იმავდროულად, მეგობარი ქვეყანაა, შესაბამისად, ყველა პრობლემა შეიძლება მოლაპარაკებით გადაწყდეს.

საინგილოში არსებობს ალიბეგლოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული თეატრი. იულონ გაგოშიძემ და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა მოილაპარაკეს იმის შესახებ, რომ თეატრი საქართველოში გამართავს გასტროლებს. სახელმწიფო მინისტრმა შესთავაზა მათ, რომ ამ თეატრში ქართულ ენაზეც დაიდგას ან ქართველი, ან აზერბაიჯანელი დრამატურგების სპექტაკლები.

კულტურის მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრეს ქურმუხის ეკლესიის შესახებ. აზერბაიჯანული მხარე ცდილობს, იგი აღიაროს ალბანური ხუროთმოძღვრების ძეგლად, ტაძარი წელიწადში მხოლოდ ორჯერ იხსნება – გიორგობის დღესასწაულზე. ამის გამო, მინისტრი დაუგეგმავად შეხვდა რელიგიის საკითხებში სახელმწიფო კომისიას. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დაარწმუნა იქაური საზოგადოება, რომ ეს არის ქართველების მიერ აგებული ეკლესია და საჭიროა წირვა-ლოცვის აღდგენა.

რაც შეეხება განათლებას, არსებობს თორმეტი შერეული სკოლა, ანუ აზერბაიჯანულ-ქართული. ზოგიერთი სკოლა ძალიან კარგად არის მოწყობილი, ზოგს დახმარება სჭირდება. მინისტრი ფიქრობს, რომ საჭიროა მათ დავეხმაროთ სახელმძღვანელოებით, საკვირაო სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნით. გავუგზავნოთ ქართველი მწერლებისა და პოეტების სურათები. იულონ გაგოშიძის აზრით, მისი სამდღიანი ვიზიტი აზერბაიჯანსა და საინგილოში ძალიან ნაყოფიერი იყო.

“მე ვარ შუამავალი საქართველოს ხელისუფლებასა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის,” – განაცხადა მან აზერბაიჯანიდან ჩამოსვლის შემდეგ.

No comments:

Post a Comment